მას შემდეგ, რაც პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) საქსონია ანჰალტის მხარეში დამაჯერებლად გაიმარჯვა (ამაზე ჩვენს სტატიაში გიყვებოდით), იმატა ინტერესმა პარტიის პროგრამის მიმართ. მართლაც, ამ არჩევნების წინ, ამა წლის 11 აპრილს, მაგდებურგში გამართულ კონგრესზე პარტიამ 156 გვერდიანი პროგრამა დაამტკიცა. მისი სიდიდე, დეტალურობა და რადიკალიზმი ყურადღებას იმსახურებს.
პროგრამის პოპულისტურ ბუნებაზე თუნდაც ის მიუთითებს, რომ თვალმახვილი ჟურნალისტების გადათვლით დოკუმენტში ძახილის ნიშანი 512-ჯერაა გამოყენებული, ანუ ყოველ მეათე სტრიქონზე ერთი ძახილის ნიშანი მოდის. პარტია ცდილობს, ემოციებზე ითამაშოს და ამას ხშირად გერმანული ულტრამემარჯვენეობის იდეოლოგიურ საფუძვლებზე და ნაცნობ თემებზე დაყრდნობით აკეთებს.
გერმანული ულტრამემარჯვენეობა ისტორიულად გამოირჩეოდა ხოლმე ლექსიკური ინოვაციებით. ამაზე დეტალურად საუბრობდა ვიქტორ კლემპერერი, თავის ცნობილ ნაშრომში „Lingua Tertii Imperii - მესამე რაიხის ენა“. არც AfD-ს პარტიული პროგრამა აკლებს გერმანულ ენას ხელს და რამდენიმე პროპაგანდისტულ იარლიყს აყალიბებს: „გადასახადებიჭამია ეკლესიები“ (Kirchensteuerkirchen), „იმპორტირებული ექიმები“ (Importärzte), „კლიმატორელიგიის აკრძალვები“ ანდა „ცისარტყელის დოქტრინა“ (Regenbogendoktrin).
ადრეც გიყვებოდით, რომ ეს პარტია საკმაოდ პარადოქსულ და ერთმანეთთან ერთი შეხედვით რთულად შეთავსებად იდეებს აერთიანებს, ლიბერტარიანულიდან მემარჯვენე ექსტრემისტულის ჩათვლით. პოლიტიკურად წინააღმდეგობრივია მისი ლიდერის, ალის ვაიდელის ბიოგრაფია და პირადი ცხოვრებაც.

რადგანაც გერმანია ფედერალური სახელმწიფოა, პარტიებსაც ახასიათებთ რეგიონული სპეციფიკა. AfD ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის პროვინციებში მკვეთრად გამოხატული ნაციონალ-პოპულისტური მიდრეკილებებით ხასიათდება, გერმანული ექსტრემიზმისთვის ტრადიციული völkisch ანუ ხალხოსნური შეფერილობით. ამ მიმდინარეობას ეროვნული და კულტურული სიწმინდისადმი მიდრეკილება და „უცხო სხეულებისადმი“ აგრესია ახასიათებს. მისი ფესვების შესახებ მეტის გასაგებად ჩვენს კიდევ ერთ სტატიას გირჩევთ.

პარტიის პროგრამა იმის შეხსენებით იწყება, რომ ისინი თითქოს იდევნებიან, რის საბუთადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა მოტანილი, რომელმაც ის ექსტრემისტულად აღიარა. პრეამბულაში ნათქვამია, რომ ამ დევნისდა მიუხედავად, სწორედ AfD წარმოადგენს ხალხის ჭეშმარიტ ნებას, და სწორედ ამიტომ იდევნება მმართველი კლასისა და ინტელექტუალური, კულტურული და აკადემიური ელიტების მიერ. ამაზეც გიყვებოდით ჩვენს სტატიაში: ულტრამემარჯვენე პოპულისტები ხშირად სახავენ მმართველ ელიტას, როგორც „ანტი-ერს“, ხოლო საკუთარ თავს წარმოაჩენენ, როგორც ერის ჭეშმარიტი ნების გამომხატველს.

ამდენად, პარტიის პროგრამაში რადიკალური მემარჯვენეობისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი სახეზეა. კლასიკურია რეცეპტიც: ხალხის ნების პირდაპირ აღმასრულებელი პარტია აპირებს მოშალოს ის სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც აბრალებს ხალხის ნების იგნორირებას და მარცხნივ ზედმეტად გადახრას, მემარცხენეობის კულტურული ჰეგემონიის გატარებას. ბუნებრივია, არის ტრადიციული გერმანული ულტრამემარჯვენეობის კოლორიტიც: ისტორიით გატაცება, მოდერნისტული ხელოვნებისადმი ზიზღი, ფიზიკური სიჯანსაღისა და დისციპლინის კულტი... მოდით, ცოტა დაწვრილებით შევავლოთ თვალი პროგრამას.
„ვიაზროვნოთ გერმანულად“ - კულტურული ომის დაბრუნება
კულტურული ელიტებისა და აზროვნების წესის საფუძვლიანი შეცვლის მოთხოვნილება, რასაც პარტიული პროგრამის მთავარ დევიზშიც აისახება - „ვიაზროვნოთ გერმანულად“. პროგრამაში გადმოცემული ზომები მოიცავს ერთი მხრივ, არსებული კულტურული და ინტელექტუალური ელიტისა და მათი პროგრამების შეზღუდვას, მათ შორის საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სფეროებში და, მეორე მხრივ, უფრო მკაცრი სახელმწიფო კონტროლის დაწესებას სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაზე.
ამაზე თუნდაც რამდენიმე კურიოზული წინადადება მიუთითებს, რომლებიდანაც კარგად ჩანს, რომ პარტიას ზოგადად საზოგადოების ცხოვრებაში ჩარევა სურს: პროგრამაში ნათქვამია, რომ 1990-იან წლებში აშენებული შენობები საშინელებაა და არქიტექტურა „უნდა გალამაზდეს“. წერია, რომ ფეიერვერკები გერმანული კულტურის მემკვიდრეობაა და ამიტომ უნდა დაიცვან, და რომ აქტიური ბრძოლაა საჭირო გერმანულის „სწორი ორთოგრაფიის“ განსამტკიცებლად. პარტია ასევე ითხოვს ყველა კატის დაკოდვას და ტვირთმზიდი ველოსიპედების აკრძალვას.
პროგრამაში მოყვანილი ზოგიერთი თემა აშკარად გადმოწერილია თანამედროვე უცხოური მემარჯვენე რეაქციული მოძრაობების დღის წესრიგიდან და ზოგჯერ რთული სათქმელია, როგორ და რამდენად უკავშირდება ყოველივე ეს თავად საქსონია-ანჰალთის საჭიროებებს ან რამდენად შესაძლებელია ადგილობრივი არჩევნების მოგებით ამ საკითხების გადაჭრა. მაგალითად, საუბარია გენდერული სწავლების, კოლონიალიზმის წინააღმდეგ საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების შეზღუდვაზე და ე.წ. „ვოუქიზმთან“ ბრძოლაზე, რაც მხარის მთავრობის კომპეტენციას სცილდება. ზოგიერთი წინადადება უფრო ადაპტირებულია აღმოსავლეთ გერმანიაში აქტუალურ საკითხებთან - მაგალითად, პარტია ითხოვს იარაღის ტარების უფლების გაფართოებას და აბორტის უფლების შეზღუდვას.
რამდენიმე ტერმინი და იდეა პირდაპირ ეხმიანება გერმანული ნაციონალიზმის წარსულს, კერძოდ კი ოტო ფონ ბისმარკის დროინდელ Kulturkampf-ს (კულტურულ ბრძოლას), რაშიც მაშინ პრუსიული სახელმწიფოს მიერ კათოლიკური ეკლესიის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას მოიცავდა ოჯახსა და სკოლაში. ეყრდნობა რა ამ ტრადიციას, თანამედროვე პარტიული პროგრამა ეჭვით უცქერს საზოგადოებასთან შუამავლის როლის შემსრულებელ ისეთ ინსტიტუტებს, როგორიცაა ეკლესია და სკოლა.
პროგრამაში წერია, რომ ქრისტიანული ეკლესია ზოგადად ვეღარ ასრულებს მორალური კომპასის როლს, რომ მან ზედმეტად აუწყო ფეხი თანამედროვე ცხოვრებას. შესაბამისად, პარტია მოითხოვს შეწყდეს ეკლესიის დაფინანსება, ხოლო ღირებულებებზე უფრო მტკიცე კონტროლი სახელმწიფო ორგანოებმა განახორციელონ.
პროგრამაში ალაგ-ალაგ ჟონავს ნაცისტური პერიოდის ლექსიკა, მაგალითად, როცა საუბარია „ანტი-გერმანულ“ ხელოვნებასა და თეატრზე, რომლის სახელმწიფო დაფინანსებაც უნდა შემცირდეს ან შეწყდეს. ძველი დროის დაბრუნებას ჰგავს შეტევა Bauhaus-ის წინააღმდეგ - ეს მოდერნისტული მოძრაობა სწორედ საქსონია-ანჰალტის კულტურული მემკვიდრობაა, თუმცა მას ნაცისტები ვერ იტანდნენ. AfD ამბობს, რომ „გერმანულად აზროვნების“ კულტურულმა კამპანიამ საქსონიაში ბაუჰაუსი კი არ უნდა განადიდოს, არამედ ამავე რეგიონთამ დაკავშირებული ჰენრიხ პირველი, ოტონ პირველი, ბისმარკი და ნიცშე. პარტიის თქმით, უნდა შეწყდეს კოლონიურ, ნაცისტურ და საბჭოთა ეპოქაში გერმანიაში გადმოტანილი ხელოვნების ნიმუშების წარმოშობის ანალიზი მუზეუმებში და მათი პატრონებისთვის დაბრუნებაზე საუბარი, თუკი კონკრეტული დაზარალებული მემკვიდრე არ არსებობს. AfD მოითხოვს, განახლდეს გერმანიისთვის დაღუპული მებრძოლების მემორიალები (ხაზგასმულია „ყველა ომში“ დაღუპული მებრძოლები).
განათლების სისტემა პროგრამის ზრუნვის განსაკუთრებული საგანია. საუბარია იმაზე, რომ სკოლებში შეაღწია „ვოუქიზმმა“ რაც უნდა შეიზღუდოს, მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს გერმანული სახელმწიფოს წარმოშობის ისტორიაზე და ნაკლები მეოცე საუკუნეზე. პარტია ამბობს, რომ სკოლაში მეტი საუბარი უნდა იყოს პატრიოტიზმზე, ყოველ დილას უნდა აღიმართებოდეს გერმანული დროშა და აიკრძალოს ცისარტყელას დროშის გამოჩენა. უნდა დაიხუროს ტოლერანტობის მხარდამჭერი პროგრამები, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები აღარ უნდა იყონ ინტეგრირებული ჩვეულებრივ კლასებში. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ფიზიკურ კულტურაზე და ფიზიკურ სიჯანსაღეზე. თუმცა, განათლების სისტემასთან არაერთმნიშვნელოვან დამოკიდებულებასა და მასწავლებლებისადმი უნდობლობაზე მიუთითებს წინადადება, რომ სკოლაში სიარული სავალდებულო არ უნდა იყოს და მშობლებს უნდა შეეძლოთ ბავშვებისთვის განათლების სახლში მიცემა.
პროგრამაში მრავლადაა მოწოდება, შეწყდეს „მემარცხენეების გაუკუღმართებული პროპაგანდა“ - ეს თემა განსაკუთრებით სკოლებთან და ბავშვებთან დაკავშირებულ თემებზე საუბრისას იჩენს თავს. პარტიის თქმით, უნდა გაუქმდეს რასიზმის წინააღმდეგ, დემოკრატიისა და ტოლერანტობის სწავლებისკენ მიმართული პროგრამები სკოლებში, რადგან სინამდვილეში ისინი მემარჯვენეობის პოლიტიკურად დათრგუნვას ემსახურება. პარტია ამტკიცებს, რომ სასკოლო მასალები უნდა წარმოაჩენდეს ოჯახს (ქალისა და მამაკაცის კავშირს), როგორც „საზოგადოების პირველად უჯრედს“ და უნდა აღმოიფხვრას ალტერნატიული ცხოვრების წესზე ნებისმიერი მითითება, რასაც პარტია „ბავშვების ნაადრევ სექსუალიზაციას“ უწოდებს. სკოლამდელი ბავშვების აღზრდა, პარტიის აზრით, უფრო ფართოდ უნდა გავრცელდეს და უნდა გაღრმავდეს აკადემიური დისციპლინა და ფიზიკური აღზრდის კულტურა, რათა გერმანელების ჯანსაღი თაობა გაიზარდოს.
განათლების სისტემაში ჩარევა მხოლოდ სკოლებს არ ეხება. საუნივერსიტეტო სისტემისათვის მრავალი წინადადებაა ჩამოყალიბებული. პირველ რიგში, ბოლონიის პროცესიდან გამოსვლაა თურმე აუცილებელი, რასაც პროგრამა იმით ასაბუთებს, რომ „ანგლო-საქსონურ სისტემასთან ჰარმონიზაციამ“ გერმანიას მისი საუნივერსიტეტო კულტურა დააკრგვინა. პარტია აპირებს აღადგინოს უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები, პროფესორებს პირდება ხელფასების გაზრდას, აპირებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სტუდენტების როლის გაუქმებას (რადგან ისინი „ჰიპერაქტრიური ულტრამემარცხენე ჯგუფების გავლენის ქვეშ არიან“) და სრული კონტროლის გადაცემას პროფესურისთვის. პარტია თვლის, რომ უნდა გაუქმდეს გენდერის და პოსტკოლონიალიზმის სწავლება, სამაგიეროდ კი გაიხსნას დემოგრაფიული მეცნიერებებისა (აქცენტით იმიგრაციაზე) და ისლამის კრიტიკული ანალიზის ფაკულტეტები.
ნათქვამია, რომ უნდა შეწყდეს ანტიფაშიზმის პოლიტიკა, რომელიც წარმოჩენილია როგორც მემარცხენე, რადიკალიზებული ექსტრემისტების ბუდე და მძიმე დანაშაულის წყარო. პარტია დონალდ ტრამპის მსგავსად აპირებს „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას.
მიგრაცია - უპირველესი საზრუნავი
როცა საქმე მიგრაციას ეხება, ყველაფერი ნათელია - პარტია მაქსიმალურად რეპრესიური რეჟიმის დაწესებას აპირებს. პროგრამის ყველაზე გრძელი თავი - სულ 43 პუნქტი - ე.წ. „რემიგრაციას“ ანუ მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებლების, მათ შორის ორმაგი მოქალაქეების გარკვეული კატეგორიების, ქვეყნიდან გაყრას შეეხება. დაგეგმილია არალეგალური მიგრანტების ქვეყნიდან გაძევება, უსაფრთხო ქვეყნებიდან მიგრაციის სრული აკრძალვა, რელიგიური მოტივით თავშესაფრის გაუქმება. ევროკავშირის მოქალაქეებისთვის გერმანიაში დასახლების უფლების შეზღუდვაცაა ნაგულისხმევი, ჩვენი სოციალური დაცვის სისტემით სარგებლობენო. უფრო მეტიც, საუბარია თავშესაფრის უფლების კონსტიტუციური გარანტიის გაუქმებაზე, რომელიც 1949 წლიდან მოქმედებს. საინტერესო ისაა, რომ თავად საქსონია-ანჰალთი გერმანიის მასშტაბით მიგრაციის თვალსაზრისით ნაკლებადაა გამორჩეული (აქ უცხოეთში დაბადებულების წილი 9%-ია, მთელი გერმანიის მასშტაბით კი - 15%), თუმცა პარტიის პროგრამა ამ საკითხზე მაინც ვრცლად საუბრობს.
მთელი ტექსტი გამსჭვალულია სულისკვეთებით, რომ ყველა სფეროში უცხოელები საფრთხეს წარმოადგენენ - იქნება ეს განათლება, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა თუ მედიცინა. პარტია აპირებს შექმნას ანტიიმიგრაციული სამუშაო ჯგუფი და დააწესოს სამოქალაქო პატრულები უსაბუთო მიგრანტების გამოსავლენად. პროგრამა იმიგრაციასთან ბრძოლის პოლიციის ოფიცრებს „ჩვენი დროის გმირებად“ მოიხსენიებს და მეტ უფლებებს პირდება - დაგეგმილია ამერიკული ICE-ს მსგავსი რეიდები, საპასპორტო შემოწმებების უფლების უფლების გაფართოება პოლიციისთვის, იარაღის გამოყენების უფლებების გაფართოება და სასურველადაა მიჩნეული წინასწარი პატიმრობის უფრო ხშირად გამოყენება.
იმ თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც მაინც არიან ან აწი შემოვლენ ქვეყანაში, მინიმალური კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ადგილობრივებთან: პარტია ვარაუდობს, რომ მათ ცენტრალიზებულ ცენტრებში გამოკეტავს და საჯარო სამუშაოებზე დაასაქმებს, რითაც ეს ცენტრები ძალიან წააგავს დაკავებისა და შრომით ბანაკებს. პროგრამა ამბობს, რომ თავშესაფრის მაძიებლებსა და მათ, ვისაც ამ უფლებას მაინც მიანიჭებენ, სამუშაოს ფულის ნაცვლად ნატურით აუნაზღაურებენ, რომ სახლში ფული არ გადარიცხონ. მიგრანტების ბავშვებს არ ექნებათ ადგილობრივ სკოლებში სწავლის საშუალება. სამშობლოში ერთი მგზავრობაც კი საკმარისი იქნება თავშესაფარზე უარის სათქმელად.
პარტიის აზრით მოქალაქეობის მიღება მაქსიმალურად უნდა გართულდეს, ხოლო „მიწის უფლება“ ანუ გერმანიაში დაბადებულებისთვის მოქალაქეობის უფლება უნდა გაუქმდეს. ამ კონტექსტში პარტია თვლის, რომ ლტოლვილ უკრაინელებს არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეობის მიღების უფლება და რომ მათი უმრავლესობა უნდა დაბრუნდეს სამშობლოში. AfD-ს პროგრამა ამას იმით ასაბუთებს, რომ თურმე უკრაინის უდიდეს ნაწილში ომი არ არის და ამიტომ ლტოლვილად წასვლის აუცილებლობაც არ არსებობს. ვინც საბრძოლო მოქმედებებს გაურბის, ისინი უკრაინაში უნდა დარჩნენ და დასავლეთ უკრაინაში დასახლდნენ, როგორც დევნილებიო.
AfD აღიარებს, რომ პროფესიულ სფეროებშიც კვალიფიციური უცხოელები არიან დასაქმებული, მაგრამ ამას არასწორად თვლის. პარტია გერმანელებს მოუწოდებს „ისწავლონ ცხოვრება მათ გარეშე“ და ამბობს, რომ უცხოელების ნაცვლად ხელოვნური ინტელექტით უნდა შეივსოს წარმოქმნილი დანაკლისი შრომის ბაზარზე.
მეტი კავშირი რუსეთთან
AfD პროგრამის საინტერესო ელემენტებია რუსეთთან კავშირების გაღრმავება. ოპროგრამის თანახმად, უნდა შეწყდეს „ანტირუსული“ პოლიტიკა, რომელიც მათი აზრით გერმანიის ინტერესებს ეწინააღმდეგება და უნდა გაღრმავდეს კულტურული კავშირები რუსეთთან. კერძოდ, პროგრამის თანახმად საქსონია-ანჰალთში უნდა დაწესდეს გაფართოვდეს რუსულის სწავლება სკოლებში, რაშიც აქტიურად უნდა ჩაერთონ რუსული წარმოშობის გერმანელი მოქალაქეეები. ამასთანავე, ნავარაუდევია რუსეთთან სასკოლო გაცვლის პროგრამების აღდგენა და განვითარება.
პარტიის აზრით აუცილებელია რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების სრული მოხსნა, რუსული ენერგიის იმპორტის განახლება და განსაკუთრებით, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის აღდგენა.
რეპრესიული მართლმსაჯულება
ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ პარტიული პროგრამით მართლმსაჯულებისა და სასჯელების მკვეთრი გამკაცრება იგეგმება. პროგრამა ამბობს, რომ სამართალი მაქსიმალურად სწრაფად უნდა განხორციელდეს, მოსამართლეებმა ნაკლებად უნდა გამოიყენონ ალტერნატიული სასჯელები და მეტი მისჯილი გაგზავნონ ციხეში. ამისთვის, საქსონია-ანჰალთში პარტია დახურული ციხის ხელახლა გახსნას ითხოვს.
პროგრამით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვედა ზღვარი 14-დან 12 წლამდე უნდა შემცირდეს და მიზეზად პარტია იმას ასახელებს, რომ აღმოსავლეთევროპული კრიმინალური ბანდები მოზარდებითააო სავსე. ამავე მიზნით, ითხოვს „ახალგაზრდა ზრდასრულის“ კატეგორიის (18-21 წელი) გაუქმებას სისხლის სამართლის ზოგიერთი კატეგორიის საქმეებისთვის სასჯელის მოხდის ფორმების შემამსუბუქებელ გარემოებად. პროგრამა ასევე ითხოვს „გერმანული იდენტობის წინააღმდეგ მიმართული“ სისხლის დანაშაულის შემოღებას - პროგრამის თქმით, ვინც გერმანულ სახელმწიფოს, მის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას ან ერს შეურაცხყოფს, სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ.
მთელი ამ სიმკაცრის ფონზე, ორი გამონაკლისია: პირველ რიგში, პარტია ამნისტიას ითხოვს მათთვის ვინც დაჯარიმდა კოვიდის პანდემიისას რეგულაციების დარღვევის გამო. მეორე, ზიზღის გაღვივების დანაშაული პარტიის თქმით ზედმეტად ბუნდოვანია და იმ ელიტების მოგონილია, რომელიც თავისი დოგმების კრიტიკას ვერ იტანდაო. ამიტომაც, სიტყვის თავისუფლების დაცვის სახელით, პარტია ამბობს რომ ყველაფერს გააკეთებს ამგვარი კანონების შესასუსტებლად.
პროგრამა, რომლის განხორციელებაც (ჯერ) სათუოა
უამრავი რამ, რაც AfD-ს პროგრამაში უწერია, ან გერმანიის კონსტიტუციასა და კანონებს ეწინააღმდეგება ანდა უბრალოდ ერთი მხარის კომპეტენციაში არ შედის და ფედერალური კომპეტენციის სფეროა, ენერგეტიკას ეხება ეს თუ სოციალური დაცვის საკითხებს, თავი რომ გავანებოთ რუსეთთან კავშირების აღდგენას.
თუმცაღა, საქსონია-ანჰალთის არჩევნებისთვის შექმნილ ამ პროგრამას ვიწროდ არ უნდა შევხედოთ. პირველად ხდება, რომ გერმანული ულტრამემარჯვენე პოპულისტური პარტია აყალიბებს ამდენად დეტალურ და არტიკულირებულ პროგრამას. ის ამბიცია, რომელიც მასში გამოსჭვივის, ზოგადსახელმწიფოებრივი ხასიათისაა და საკმაოდ აშკარად უჩვენებს, თუ როგორი მომავალი სურს AfD-ს გერმანიისათვის.


