ევროპის კვირა (27 ივლისი - 2 აგვისტო)
კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო!
აგვისტოს დადგომასთან ერთად, ევროპამაც ჩემოდნების ჩალაგება დაიწყო. ბრიუსელის დერეფნებიც ნელ-ნელა ცარიელდება: ევროპარლამენტმა სექტემბრამდე შეაჩერა მუშაობა, ევროკომისია მორიგეობის რეჟიმზე გადავიდა, ევროპულ დედაქალაქებშიც პოლიტიკური ცხოვრების ტემპიც შენელდა. ევროპული პოლიტიკის დაუწერელი წესია: აგვისტოში მხოლოდ კრიზისები თუ „მუშაობენ“. თუმცა, სამუშაო მაგიდებზე დატოვებული საქმეების ნუსხა არ იცდის. ამიტომაც ევროკომისიის მოხელეთა ერთი მცირე ჯგუფი ზაფხულს გამოტოვებს: მათ სულ რამდენიმე კვირა აქვთ, რომ 16 სექტემბრისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკავშირის ყოველწლიური სეფე-სიტყვისთვის სათანადო ტექსტი მოუმზადონ.
დაუმთავრებელი საქმეებიც ბლომადაა მოგროვილი. პირველი მათგანი ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვას ეხება: ურსულა ფონ დერ ლაიენი ამ ინიციატივას უკვე უჭერს მხარს, ახლა კი დავა ასაკობრივ ზღვარსა და იმ პლატფორმების ჩამონათვალზე მიმდინარეობს, რომელთაც ეს რეგულაცია შეეხებათ (საფრანგეთმა, როგორც წინა მიმოხილვაში მოგახსენეთ, ეს გზა უკვე გაკვალა).
გარდა ამისა, დღის წესრიგშია ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც კიბერთავდასხმების, დივერსიებისა და ეკონომიკური ზეწოლის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც ირკვევა, დოკუმენტი თვეებია მომზადებულია, თუმცა მისი გამოქვეყნება განზრახ შემოდგომისთვის გადადეს.
*** რადგანაც უსაფრთხოებაზე მიდგა საუბარი, ამასწინათ თქვენთვის სამი კონცეფცია განვმარტეთ: მედეგობა, შეტევა ცნობიერებაზე, და ფსიქოლოგიური თავდაცვა. ***
სოციალური მედია აბრკოლებს სტატიების გავრცელებას. გამოიწერეთ გვერდი უფასოდ და გვიკითხეთ თავისუფლად.