ბრძოლა "ნამდვილი სომხეთისათვის"
ფაშინიანი სომხეთში არჩევნებს ალბათ მოიგებს, მაგრამ ნამდვილი ბრძოლა წინაა

ზვარტნოცის აეროპორტიდან ერევნის ცენტრში მიმავალმა ტაქსისტს როცა ვკითხე, როგორ მიდის არჩევნების ამბავი-თქო, მიპასუხა: „იცი, ყოველ სომეხ დედას ორი რამისა ეშინია: პირველ რიგში - ომის, მეორე კიდევ ნიკოლ ფაშინიანის ფეისბუკ ლაივისო.“
მართლაც, სომხეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ქვეყნის მოქმედი ლიდერი თავისებურად ხვდება. რვა წელი გავიდა იმ დღიდან, როცა „ხავერდოვენი რევოლუციის“ გამარჯვებამ ხელისუფლებაში მოიყვანა, მაგრამ ფაშინიანი კვლავაც ოპოზიციის მოუსვენარი აქტივისტივით უფრო იქცევა, ვიდრე პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ლიდერივით. ქვეყნის გარშემო მოგზაურობა, შეხვედრები თანამემამულეებთან ქუჩებში, ბაზრებსა თუ კაფეებში აშკარად არა დადგმული: სიტყვიერი დაპირისპირებაც ბევრჯერ გაგვიგია, გაანჩხლებული ფაშინიანიც ბევრჯერ გვინახავს და შეურაცყოფაც ბევრი აუტანია. ყველაფერი ეს სწორედ იმ ზოგისთვის სახალისო, ზოგისთვის კი საძულველი ფეისბუკ ლაივების თანხლებით, რომლებშიც პრემიერი ფაშინიანი ხშირად თავის მეგობართან, პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანთან ერთად ხუმრობს, დოლზე უკრავს ან მადიანად ილუკმება.
ივნისში დაგეგმილი არჩევნები სახეშეცვლილ სომხეთში ჩატარდება: 2020 წლის ომში მარცხმა და 2023 წელს მთიანი ყარაბაღის საბოლოო დაკარგვამ ღრმა კვალი დაამჩნია ქვეყანას, დაამსხვრია მანამდე არსებული მრავალი რწმენა თუ სტერეოტიპი, გადაასხვაფერა ქვეყნის პოლიტიკური რუკა, თუმცაღა მმართველი ძალა ვერ შეარყია.
მეტიც, ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებისთვის აქამდე წმინდათაწმინდად შერაცხულ რამდენიმე ინსტიტუტს ერთბაშად შეუტია: ეროვნული იდენტობის პანთეონს, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის იერარქებს, ისტორიის ტრაგიკულ და საგმირო მითებს და რუსეთის, როგორც სომხეთის უსაფრთხოების შეუცვლელი გარანტის ხატებას.
„ნამდვილი სომხეთი“
ფაშინიანის კამპანიის საკვანძო ნაწილი „ნამდვილი სომხეთის“ სტრატეგიული ხედვაა, რომლის თანახმადაც ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს რეალობას, დაივიწყოს „დიდი სომხეთის“ ოცნება და შეურიგდეს თავის სახელმწიფო საზღვრებს. სამაგიეროდ კი თავი დააღწიოს რუსეთზე ისტორიულ დამოუკიდებულებას და კარი აქტიურად გაუხსნას ახალ, რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებს.
ოპოზიციონერები ხშირად ამბობენ, რომ ეს სიგიჟეა, ანდა სულაც ღალატი. ისინი თვლიან, რომ თავისი პროექტით ფაშინიანი თავად ეწინააღმდეგება და უარყოფს რეალობას.
მაგრამ ფაშინიანი დარწმუნებულია, რომ ომში ტრაგიკული მარცხი ახლებური მომავლის შენების შესაძლებლობას იძლევა. ომამდე, სომხეთს რუსეთის ჩრდილქვეშ ცხოვრების გარდა სხვა არჩევანი არ გააჩნდა, რადგანაც მისი დამოუკიდებლობა 1990-იან წლებში სწორედ აზერბაიჯანთან ომში დაიბადა და მაშინ მოპოვებული გამარჯვების დაბევებაც სწორედ მოსკოვის კალთის ქვეშ მოხერხდა. რუსეთის უუნარობამ, თუ სურვილის არარსებობამ, დაეცვა თავისი მოკავშირე 2020-იან წლებში, ფაშინიანს სომხეთის გეოპოლიტიკური ხაფანგიდან გამოყვანის საშუალება შეუქმნა.

სტატიის სრულ ვერსიას ინგლისურ ენაზე წაიკითხავთ ჟურნალში GEOpolitics
სკეპტიციზმის მიუხედავად, ჩანს, სომხების მნიშვნელოვანი ნაწილი მზადაა, ეს ხედვა გაიზიაროს. უკანასკნელი გამოკითხვებით, 61% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ფაშინიანის სამოქალაქო კონტრაქტის პარტიისათვის ხმის მისაცემად 32%-ია მზად მაშინ, როცა მეორე ადგილზე გასულ პარტიას მხოლოდ 6% ემხრობა. თუმცა ამ ციფრებს მიღმა პოლარიზაცია და უნდობლობა იმალება: 44% ან ამბობს, რომ არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, ანდა სულაც უარს ამბობს პასუხზე. მთავრობის საქმიანობას დადებითად 48% კი უყურებს, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილთა დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითია. 40%-ს არც ერთ პოლიტიკოსისა არ სჯერა.
როგორ აპირებს ფაშინიანი გამარჯვებას?
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „სამოქალაქო შეთანხმება“ ამ არჩევნებს მოიგებს. ფაშინიანის მთავრობა დღეს უფრო თავდაჯერებულად გამოიყურება, ვიდრე წინა არჩევნებისას, 2021 წლს, როცა ომში მარცხის ტრამვა ქვეყანაში ჯერ კიდევ მძაფრად იგრძნობოდა.
მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსები, მშვიდობის დაპირება და მატერიალური სტაბილურობის იმედი მუშაობს. ფაშინიანმა კარგად იცის, რომ საბჭოთა ნანგრევებზე აღმოცენებულ ქვეყნებში, სადაც ცინიკური პოლიტიკოსები და პუტინის პროპაგანდით ზურგგამაგრებული ოლიგარქები დათარეშობენ, ამ ფაქტორების უგულვებელყოფა არ შეიძლება.
მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსები, მშვიდობის დაპირება და მატერიალური სტაბილურობის იმედი მუშაობს.
სახელმწიფო რესურსების საარჩევნო მიზნებით გამოყენება სომხეთში ისე ყოვლისმომცველი არაა, როგორც რუსეთში, მეზობელ აზერბაიჯანსა თუ საქართველოში, მაგრამ მაინც უფრო თვალშისაცემია, ვიდრე მოლდოვაში ანდა ომამდელ უკრაინაში.
თავის რიტორიკას ფაშინიანი ცემენტითაც ამაგრებს: წინასაარჩევნოდ იგება გზები, რემონტდება სკოლები, მიყრუებულ სოფლებში გაჰყავთ გაზი, მშპ-ს შვიდიდან ცხრა პროცენტამდე გაიზარდა სოციალური ხარჯების წილი, საყოველთაო სამედიცინო დახმარებით სარგებლობა სულ უფრო მეტ ადამიანს შეუძლია. ცვლილებები ერევანზე უფრო უკეთ ღარიბ, პროვინციულ ქალაქებსა და სოფლებში იგრძნობა, სადაც ახალდაგებული გზას, გაზთან მიერთებული ოჯახს თუ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ოპერაციას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.
თუმცა საქმე ისეც არ არის, რომ ფაშინიანის პარტია მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის იმედად იყოს. მისი წარმატების ყველაზე ხელშესახები საწინდარი მშვიდობა და მისი გაღრმავების მოლოდინია.
უკვე ორი წელია, რაც აზერბაიჯანის საზღვართან ტყვია არ გავარდნილა.
უკვე ორი წელია, რაც აზერბაიჯანის საზღვართან ტყვია არ გავარდნილა. ამას უზარმაზარი მნიშნელობა აქვს ქვეყანაში, სადაც თაობები მცირე შეტაკებების ამბებისა და გარდაუვალი დიდი ომის შიშით გაიზარდა. თუკი საქართველოსა და მოლდოვაში პრო-რუსული ძალები იჩემებენ მშვიდობისმყოფელის მანტიას, სომხეთში ვითარება პირიქითაა შეტრიალეული - თურქეთთან და აზერბაიჯანთან ნორმალიზაციის შესაძლებლობის უარყოფით, სწორედ პრო-რუსულად განწყობილი ოპოზიციონერები გამოიყურებიან „ომის პარტიად.“
ფაშინიანის გუნდის წევრები მოქალაქეებს უხსნიან, რომ მშვიდობა და მოსკოვის კლანჭებიდან გათავისუფლება ეკონომიკის თანამედროვე სექტორების განვითარების საშუალებას ქმნის, რაც, პერსპექტივაში გაამყარებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის სიმყიფესაც. საზღვრების გახსნის, აზერბაიჯან-საქართველო-სომხეთის რკინიგზასთან და ტრამპის გზასთან მიერთების პერსპექტივები, მიკროპროცესორების გიგანტ NVIDIA-სთან დადებული ხელშეკრულება სწორედ ამ ქარგაში ჯდება.
დასავლეთის როლი და ყოფილ მტრებთან ინტერესების თანხვედრა
სომხეთის მმართველ გუნდს რეგიონული და საერთაშორისო კონტექსტიც უწყობს ხელს. ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორის ცვლილების პერსპექტივას მოწყალედ უცქერენ დასავლეთიდანაც.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის ვიზიტები, ერევანში გამართული ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შეხვედრა, თუ ევროკავშირ-სომხეთის პირველი სამიტი, მხოლოდ პროტოკოლური ღონისძიებები როდია - მათი გამოისობით სომხეთი ევროპის პოლიტიკურ რუკაზე სხვაგვარად გამოჩნდა. სულ რამდენიმე წლის წინათ რუსეთის უახლოესი მოკავშირის დედაქალაქში ასეთი შეხვედრების გამართვა წარმოუდგენელი იქნებოდა.
სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ვექტორის ცვლილების პერსპექტივას მოწყალედ უცქერენ დასავლეთიდანაც.
შეხვედრებს შედეგებიც მოჰყვა. ზოგი პოლიტიკურად სიმბოლური - მაგალითად საფრანგეთთან დადებული და აშშ-სთან განახლებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. ზოგიც უფრო ხელშესახები: სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივა ევროკავშირთან, ეკონომიკური დახმარების ახალი პაკეტები, თუ ევროკავშირის მისია ჰიბრიდულ საფრთხეებთან საბრძოლველად.
დაგვეხმარეთ მოძლიერებაში და მეტ ამბავს, უფრო უკეთესად და ხშირად მოგაწვდით!
რეგიონში ვითარება იმგვარად დალაგდა, რომ თურქეთს და აზერბაიჯანსაც აწყობთ სომხეთის იზოლაციიდან გამოსვლა. ამ საქმეში ჯერჯერობით ანკარა უფრო მოწადინებლად გამოიყურება, ვიდრე ბაქო.
ეს გასაგებიცაა, აზერბაიჯანთან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება ჯერ შორსაა, თუმცა ფაშინიანსა და ალიევს შორის პირდაპირი შეხვედრების შემდეგ, ქვეყნები უკვე აქტიურად და პრაგმატულად მუშაობენ ტექნიკურ და უსაფრთხოების საკითხებზეც.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როცა რუსეთის აგრესიული მოქმედება და პოლიტიკა ერთდროულად აღიზიანებს როგორც ერევანს, ისე ბაქოს, ხოლო უკრაინაში გაჭიანურებული ომის ფონზე, კრემლის ზეგავლენის ბერკეტები საგრძნობლადაა მობლაგვებული.
ვითარების სიმყიფე და მომავლის ბუნდოვნება
არჩევნებამდე ერთი კვირაღაა დარჩენილი და ფაშინიანის პარტიის გამარჯვება ამ დროისათვის ყველაზე სავარაუდო შედეგად მოჩანს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამომრჩევლის მობილიზაციაზე - ოპოზიციამ თუ 60-65%-ზე მეტი ამომრჩეველი ვერ გამოიყვანა, „სამოქალაქო შეთანხმების“ ქვეყნის შეცვლის იმედი ვერ ექნებათ.
ოპოზიციური სპექტრი ჭრელია და ერთმანეთთან დაპირისპირებული. ოლიგარქების, მათ შორის განსაკუთრებით რუსული კავშირების მქონე სამველ კარაპეტიანის გავლენაც იზრდება და ორაზროვან გავლენას ახდენს კამპანიაზე - ერთი მხრივ, ის ოპოზიციას სანუკვარ ფინანსურ რესურსებს აძლევს. მეორეს მხრივ, კარაპეტიანის რუსული კავშირები ფაშინიანის მხარეს ამომრჩევლის მობილიზაციას უწყობს ხელს. ბევრი ახალგაზრდა, განსაკუთრებით ერევანში, ხომ სწორედ იმას საყვედურობს ფაშინიანს, პრო-დასავლური რეფორმები არასაკმარისად სწრაფად მიდისო. რუსული კავშირების მქონე ოლიგარქი მათ გულზე სულაც არ ეხატებათ.
შიდა პოლიტიკური ფონი რთულია და ამიტომაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ფაშინიანს სერიოზული გამოწვევა ელის. „ნამდვილი სომხეთის“ მისეულ პროექტზე ფართო საზოგადოება შეთანხმებული ჯერ არ არის. თუ ფაშინიანს სურს, ადმინისტრაციული რესურსის წყალობით კი არ განაგრძოს მართვა, არამედ საზოგადოებაში ნდობა გაღვივოს, ამ კონცეფციამ რეალური კონტურები უნდა შეიძინოს.
„ნამდვილი სომხეთის“ ფაშინიანისეულ პროექტზე ფართო საზოგადოება შეთანხმებული ჯერ არ არის.
არც საერთაშორისო ვითარებაა მთლად საიმედო. მართალია, სომხეთისადმი ზოგადი კეთილგანწყობის დონე მაღალია, მაგრამ საეჭვოა ევროკავშირის უნარი, ამ რთულ დროში პოლიტიკური წახალისებაზე მეტი გააკეთოს. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ცვლილებები სჭირდება სომხეთში, განსაკუთრებით მანამდე რუსეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვულ სასაზღვრო და საპოლიციო სისტემებში. ამ პროცესის გაწელვამ შეიძლება საზოგადოებას იმედი გაუცრუოს.
კრემლიც არ აპირებს, სომხეთზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნიოს: ეკონომიკური ზეწოლის კონკრეტული ღონისძიებები უკვე ხორციელდება, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მთლიანი ან ნაწილობრივი ემბარგოების სახით. ვიცე პრემიერმა ოვერჩუკმა, შოიგუმ, ლავროვმა, ვოლოდინმა და თავად პუტინმა უკვე საჯაროდ გააჟღერეს მუქარა სომხეთის მიმართ. კრემლის სადეზინფორმაციო და ჰიბრიდული ოპერაციების სისტემაც ამუშავებულია ფაშინიანის წინააღმდეგ.
სხვა სიტყვებით, თავისით არაფერი მოვა - არც მშვიდობა, არც ევროპა, არც ვითარების ნორმალიზაცია და არც სუვერენიტეტის განმტკიცება. არჩევნების შედეგი სომხეთის ტრაექტორიას კი განსაზღვრავს, მაგრამ ნამდვილი სამუშაო მერე დაიწყება.
